მშრალი თვალი და თვალის ალერგიული დაავადებები
- Nino Kobakhidze
- Jun 14, 2022
- 4 min read
ავტორი: სკოტ ჰაუსვირტი
როგორც ყველა ოფთალმოლოგისთვის ცნობილია, მშრალი თვალი ხშირად თან სდევს ალერგიულ კონიუნქტივიტს. ორივე დაავადებას შეუძლია ისეთი სიმპტომების პროვოცირება, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე. მშრალი თვალის დაავადება და ალერგია ხასიათდება მსგავსი სიმპტომებით, რის გამოც, სწორი დიაგნოზის დასმა ხშირად რთულია. შედეგად, შესაძლებელია გართულდეს სათანადო მკურნალობის შერჩევაც. ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, ამ ორ კლინიკურ ფორმას შორის დიფერენცირება ძალიან მნიშვნელოვანია.
მეიბომის ჯირკვლების მორფოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტის შედეგად ხდება ქსოვილების გადაგვარება, რასაც, საბოლოო ჯამში, მშრალი თვალის დაავადების განვითარებამდე მივყავართ[i]. ადრე მიიჩნევოდა, რომ მშრალი თვალი აძლიერებს ალერგიული რეაქციის ინტენსივობას, ახლა კი ითვლება, რომ ალერგიული პაციენტებში მაღალია სიმშრალის განვითარების რისკი.
თვალის ალერგიული დაავადების ფიზიოლოგია
მშრალ თვალსა და თვალის ალერგიულ დაავადებას შორის ურთიერთქმედების სათანადოდ შესაფასებლად მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელის ფიზიოლოგიის გააზრება.
კლინიკურად, თვალის ალერგიული დაავადება წარმოადგენს 1-ლი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას სენსიბილიზირებულ პაციენტში, იმუნოგლობულინ E-სა და ალერგენის ურთიერთქმედებისას. შედეგად, ხდება ადგილობრივი პოხიერი უჯრედების დეგრანულაცია, რაც, თავის მხრივ, იწვევს ანთებითი რეაქციების კასკადში მონაწილე ბიოქიმიური მედიატორების - უპირველეს ყოვლისა, ჰისტამინის გამოყოფას. ამ კასკადს მივყავართ რამდენიმე შესაძლო შედეგამდე. თვალის ალერგიული დაავადება მძიმდება ალეგენის ზემოქმედების ხანგრძლივობის პროპორციულად. არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, ალერგიული რეაქცია ხდება მეტად ინტენსიური და იწვევს ქსოვილების დაზიანებას, რასაც, საბოლოო ჯამში, მივყავართ თვალის ზედაპირის დაავადებამდე. ისევე, როგორც ნებისმიერი კასკადური მოვლენის შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზის მოცილება ან მოვლენათა თანმიმდევრობის შეჩერება ნებისმიერ ეტაპზე, ახდენს მომდევნო შედეგების პრევენციას.
თვალის ალერგიული დაავადების ფიზიოლოგია ხსნის, თუ რატომაა ალერგენის თავიდან აცილება და ორმაგი მოქმედების ანტიჰისტამინები/მასტოციტების სტაბილიზატორები მკურნალობის უმთავრესი მიმართულება. ამჟამად ბაზარზე ხელმისაწვდომია თვალის ალერგიული დაავადების სამკურნალო რამდენიმე ეფექტური საშუალება: ყველაზე ფართოდაა ცნობილი ალკაფტადინი (ლასტაკაფტი; ალერგანი), ოლოპატადინის ჰიდროქლორიდი (ხელისაწვდომია, როგორც პატადეი 0.2% ან პაზეო 0,7%; ნოვარტისი) და ბეპოტასტინ ბესილატი (ბეპრევი; ბაუში და ლომბი). ამ პრეპარატების დანიშვნის მიზანს წარმოადგენს ანთებითი რეაქციის დათრგუნვა და თანმხლები სიმპტომების შემცირება.

სურ. 1.22 წლის აზიელ ქალს, რომელსაც აქვს ქრონიკული ალერგიის სიმპტომები, უვლინდება ცვლილებებიმეიბომის ჯირკვლის მორფოლოგიაში.

სურ. 2. 23 წლის აზიელ ქალს, რომელსაც აქვს ქრონიკული ალერგიის სიმპტომები, ასევე უვლინდება ცვლილებებიმეიბომის ჯირკვლის მორფოლოგიაში.
ახალი სადიაგნოსტიკო საშუალებების ხელმისაწვდომობა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გამომწვევი ალერგენი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგები პაციენტებს ვთავაზობდით ამ კვლევას, თუმცა ანალიზის ღირებულება და მისი შედეგები, საბოლოო ჯამში, არ იყო ხარჯთეფექტური და არ ახდენდა გავლენას მკურნალობაზე. შედეგად, ჩვენ ვმკურნალობთ იმას, რასაც ვხედავთ და ვაგზავნით პაციენტებს შემდგომი კონტროლისთვის ოჯახის ექიმთან ან კონკრეტული გამოკვლევებისთვის - ალერგოლოგთან.
ორალური ანტიალერგიული პრეპარატები და მათი გავლენა მშრალი თვალის დაავადებაზე
სისტემური ალერგიის მქონე ბევრი პაციენტი მიმართავს თვითმკურნალობას ორალური ანტიჰისტამინებით, რამაც შეიძლება თვალის ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგები მოიტანოს. ორალური ანტიჰისტამინების გამოყენება თვალის ალერგიული დაავადების მკურნალობისას საკამათოა, რადგან არ გვაქვს ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ მათ გამოყენებას რაიმე სარგებლობა მოაქვს ოფთალმოლოგიური კუთხით. ორალური ანტიჰისტამინების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას სიმშრალე, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ალერგიულ რეაქციას. უმეტეს შემთხვევებში პაციენტებმა არ იციან, რომ ორალური ანტიჰისტამინები, რომლებსაც ისინი იყენებენ სხვადასხვა ალერგიული სიმპტომების შესამსუბუქებლად, მავნე ზემოქმედებას ახდენს თვალის ზედაპირზე და ამძიმებს ოფთალმოლოგიურ სიმპტომატიკას.
სისტემური ანტიალერგიული საშუალებების პოპულარობის გამო, თვალის სიმშრალე ამ პაციენტებში საკმაოდ ხშირია, რასაც ისინი თვალის ალერგიულ დაავადებას უკავშირებენ. ამ ორი პათოლოგიის სიმპტომების თანხვედრის გამო (რაც, გარკვეულწილად, მსგავსი ფიზიოლოგიით არის განპირობებული) ოფთალმოლოგებისთვის შესაძლოა რთული იყოს კონკრეტული ეტიოლოგიის დადგენა. ოფთალმოლოგი ვალდებულია, თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ესაუბროს პაციენტებს, რომლებიც სისტემური ალერგიის სამკურნალო საშუალებებს იღებენ. თუკი უნდა მოხდეს ამ პრეპარატების გამოყენება, ასევე გონივრული იქნებოდა ისეთი მკურნალობის შეთავაზება, როგორიცაა მეიბომის ჯირკვლების დრენირება, რადგან ნებისმიერი მაპროვოცირებელი ფაქტორი - იქნება ეს ცრემლის შემცირებული გამომუშავება თუ გაზრდილი ევაპორაცია - იწვევს მშრალი თვალის დაავადების მეტად პროგრესირებას.
ალერგია, როგორც მეიბომის ჯირკვლის რემოდელირების პოტენციური ხელშემწყობი ფაქტორი
თვალის ალერგიული დაავადების დიფერენცირება მშრალი თვალის დაავადებისგან და თვალის ზედაპირის სხვა პათოლოგიებისგან რთულია, თუმცა ახალი მტკიცებულებები გვაფიქრებინებს, რომ მეიბომის ჯირკვლის მორფოლოგიის ცვლილება შეიძლება წარმოადგენდეს ქრონიკული ალერგიის პოტენციურ შედეგს, რაც, თავის მხრივ, აჩენს მიდრეკილებას მშრალი თვალის სინდრომისადმი (სურ. 1 და 2).[i] ამ თეორიის გასამყარებლად საჭიროა დამატებითი მონაცემები.
შახტერმა და მისმა კოლეგებმა დაკლაკნილი ჯირკვლები მცირეწლოვან ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებშიც კი აღმოაჩინეს.[ii] არსებობს მოსაზრება, რომ მეიბომის ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია და შემდგომ ცრემლის აპკის დისფუნქცია შეიძლება ადამიანში ალერგიული რეაქციისადმი წინასწარგანწყობას ქმნიდეს. ეს თვალის ხანგრძლივი ალერგიის შედეგების შემდგომი კვლევის კიდევ ერთი მიმართულებაა. ასევე საინტერესოა, თუ როგორია მეიბომის ჯირკვლების დისფუნქციის როლი ალერგიის უფრო მძიმე ქვეტიპებში, როგორიცაა გაზაფხულის კერატოკონიუნქტივიტი და ატოპიური კერატოკონიუნქტივიტი.[iii]
ჯერჯერობით გაურკვეველია, გამოწვეულია თუ არა მეიბომის ჯირკვლების დაზიანება ახალგაზრდა პაციენტებში ალერგიისთვის დამახასიათებელი ანთებითი პროცესებით თუ თვალის მექანიკური სრესვით, რაც იწვევს ჯირკვლების კომპრესიასა და დეფორმაციას. ასევე შესაძლებელია არსებობდეს გენეტიკური წინასწარგანწყობა მეიბომის ჯირკვლის სტრუქტურის მორფოლოგიური ცვლილებებისადმი, რასაც ემატება ალერგიული კასკადი. ამ პროცესების შედეგად მცირდება მუცინის წარმოქმნა, იზრდება ცრემლის აორთქლება, ზიანდება დამცავი ბარიერი, რაც ანტიგენებს უადვილებს შეღწევას და დამატებითი ზიანის მიყენებას.
ამ შემთხვევაშიც საჭიროა მეტი სიღრმისეული ანალიზი და დაკვირვება, რათა მოხდეს ალერგიას, მშრალი თვალის დაავადებას და მეიბომის ჯირკვლის სტრუქტურასა და ფუნქციას შორის ურთიერთკავშირის სრულად აღწერა. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაცია გვაჩვენებს, რომ ახალგაზრდა პაციენტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე ალერგიის დროული დიაგნოსტირება და ინტენსიური მკურნალობა, რათა აღიკვეთოს მეიბომის ჯირკვლების პოტენციური ცვლილებები, რასაც ხანგრძლივი უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
დასკვნა
როგორც მშრალი თვალი, ასევე თვალის ალერგიული დაავადება მსგავსი კლინიკური სიმპტომებით ხასიათდება, თუმცა გარკვეული ნიუანსები შეიძლება დაგვეხმაროს ამ ორი მდგომარეობის დიფერენცირებაში. მე, უმეტესწილად, თვალის ალერგიული დაავადების დიაგნოზსს ვსვამ ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე, თუმცა, არ ვივიწყებ, რომ სიწითლე, გაღიზიანება და ქავილი, რომელიც დამახასიათებელია თვალის ალერგიული დაავადებისთვის, ვლინდება ბლეფარიტის, მშრალი თვალისა და თვალის ზედაპირის სხვა პათოლოგიების შემთხვევაშიც. პაციენტის ჩივილები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორი დიაგნოზის განსასაზღვრად. მაგალითად, თვალის ალერგიული დაავადების ბლეფარიტისგან დიფერენცირებისთვის, უმნიშვნელოვანესია ქავილის ან გაღიზიანების ლოკალიზება თვალის კაკალზე ან ქუთუთოებზე. კერძოდ, არსებობს ტენდენცია, რომ თვალის ალერგიის შემთხვევაში, ბლეფარიტთან შედარებით, უფრო ძლიერ რეაქციას ჰქონდეს ადგილი თვალის ზედა ქუთუთოზე.
დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური საშუალებები, როგორიცაა მეიბოგრაფია, გვეხმარება მეიბომის ჯირკვლის სტრუქტურის შეფასებაში. ადრე ითვლებოდა, რომ ცვლილებები ახასიათბდა მხოლოდ მშრალ თვალს, თუმცა, ახალი მტკიცებულებები გვაჩვენებს, რომ მშრალი თვალისა და თვალის ალერგიული დაავადების პათოგენეზში ბევრი საერთო მექანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ეს პათოლოგიები საკმაოდ ხშირად გვხვდება, იმის ახლებურად გააზრება, თუ როგორ შეიძლება იწვევდეს ერთი მეორეს და პირიქით, აძლიერებს სწორი დიაგნოსტირებისა და სათანადო მკურნალობის მნიშვნელობას.

სკოტ ჰაუსვირტი
· „Minnesota Eye Consultants“ ბლუმინგტონი
· (952) 884-7568 ან (612) 813-3600; sghauswirth@mneye.com
· ფინანსური დაინტერესება: კონსულტანტი ან სპიკერი „Allergan“-ის, „Bausch + Lomb“-ის, „BioTissue“-ის, „Glaukos“-ის, „Shire“-ის და „TearScience“-ისთვის.
ლიტერატურა:
1. Schachter S, Schachter A, James E, Hom MM. Allergic conjunctivitis and total symptom score. Invest Ophthalmol Vis Sci. 2016;57(12):5702.
2. Fasanella V, Agnifili L, Mastropasqua R, et al. In vivo laser scanning confocal microscopy of human meibomian glands in aging and ocular surface diseases. Biomed Res Int. 2016;2016:7432131.
სტატიის ორიგინალური ვერსია: https://crstoday.com/articles/2017-apr/the-interaction-of-dry-eye-and-ocular-allergy/
Comments